ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მთაწმინდის არჩევნებში მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს.
"სანამ რუხი მგლის, გოჭის და წითელქუდას ბებიის როლებით ვარ დაკავებული, თურმე ახალი ტენდენცია დამკვიდრებულა ეროვნულ პოლიტიკაში, - მურუსიძის გარდა, ყველა ნაციონალად გამოუცხადებიათ. უფრო მეტიც, მურუსიძისთვის გმირის წოდება შალვა შავგულიძეს წაურთმევიაო. ხოდა, რადგან ყველა, ვინც არასდროს ყოფილა ნაციონალი, ნაციონალად შეირაცხა, ამიტომ, აწი ამ ახლად იარლიყმიკერებულ, "ნაციონალ" შალვა შავგულიძეს, უჭკვიანეს იურისტს, ღირსეულ ადამიანს, ყალბი სენტიმენტებისგან სრულიად თავისუფალ, სადა და არაპოპულისტ, არასპეკულანტ, სოლიდურ, პატიოსან და ვაჟკაც კაცს ვაძლევ ხმას, რადგან პარლამენტში პროფესიონალების ადგილია.
თუ ქვეყანა გვინდა რამეს ჰგავდეს, კანონები უნდა წერონ საქმის მცოდნე ადამიანებმა. შალვა ის კაცია, რომელიც უხმოდ წავიდა აფხაზეთში რუსებთან საომრად, ის კაცია, ერთადერთი რომ ედგა ირინა ენუქიძეს გვერდზე, ის კაცია, რომელიც ხმამაღალი განცხადებების გარეშე დაუდგა ირაკლის გვერდზე, როცა უსამართლობა დაინახა, ისიც მახსოვს, როგორ ცდილობდნენ მის გადაბირებას და ასეთივე სიმშვიდით შეხვდა ყოველ მცდელობას, ის კაცია, ვინც, ირაკლის მეგობრადწოდებული ხალხიც რომ მთავრობას მიუცუცქდა, ასევე გულზე მჯიღის ბრაგუნის და თავისი ღირსებებისთვის ხაზგასმის გარეშე პარტიაში დარჩა და პარტიას არსებობა შეუნარჩუნა.
რამეს ნიშნავს თქვენთვის ეს თვისებები და ღირებულებები ადამიანში? მაშინ მთაწმინდის ოლქში ღირსეული არჩევანი არსებობს. არ ნიშნავს? გააგრძელეთ საკუთარი და ქვეყნის ბედის ჭედვა თქვენებურად, ოღონდ წუწუნს უკელით, როცა შედეგი ნაკლებად მშვენიერი მოგეჩვენებათ ხოლმე", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 19 მაისს მთაწმინდელები საკუთარ მაჟორიტარს ირჩევენ. შალვა შავგულიძის მთავარი კომკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძეა.