„პრაიმტაიმს" სანდო წყარო უყვება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება იგეგმება. წყაროს ცნობით, საპატრიარქო მზადაა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. მამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას სავარაუდოდ შუალედურ არჩევნებამდე, ანუ რამდენიმე კვირაში დატოვებს.
მამა გიორგი მამალაძის არჩევნებამდე შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს დეკანოზის ახლო გარემოცვაც. ამას პრაიმტაიმთან საუბარში მიხეილ რამიშვილიც ადასტურებს.
ამდაგვარი რაღაც ზოგადად არის, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ერთი მხარე - ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ელოდება შუამდგომლობას საპატრიარქოს მხრიდან. დანარჩენი, რა მოლაპარაკება მიმდინარეობს მათ შორის, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუ საპატრიარქოს შუამდგომლობა დააკმაყოფილებს პრეზიდენტს, მაშინ მოგვიწეროს ხელი საპატრიარქომ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ამ თემაზე მას ინფორმაცია არ აქვს და არც სმენია მსჯელობა თუ იყო.
ამ დრომდე არ გადაწყვეტილა შეწყალების კომისიის ბედი. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას - კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავიდეს, უწყებიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტს ყველა შემთხვევაში რჩება დისკრეციული უფლება პირადადაც, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ქეისზე. შესაბამისად, თუ მას საპატრიარქო მიმართავს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით, დიდი ალბათობით, ის ამას დააკმაყოფილებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ის ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია.
საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.