გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსის განცხადებით, ის უკვე ორი კვირაა ზუგდიდში მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს და მას მუდმივად დაჰყვებიან და უთვალთვალებენ.
მისივე თქმით სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები ცდილობენ რომ მოახდინონ პროვოკაციები. რულოვსის თქმით, მსგავსი პროვოკაციებით მას ვერ შეაჩერებენ.
"ორი კვირაა, მშვიდობიან შეხვედრებს ვატარებთ და დაგვსდევენ გადაცმული პოლიციელები. აწყობენ პროვოკაციებს, მოსახლეობასთან შეხვედრებში გვიშლიან ხელს. ვერავინ შემაჩერებს, რადგან ხალხს არ ეშინია. ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩაატაროს მონიტორინგი, რათა არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები. მათ ჩემი გამარჯვების ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რა კარგი მიდგომა აქვს ამ ქალს ხალხთან და გამარჯვების პერსპექტივა", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
გარდა ამისა, სანდრა რულოვსი მანუჩარ ჩხეტიას ყოველგვარი სანქციის გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.