“ერთადერთი იყო, ვინც ჯერ კიდევ მაშინ დაიჯერა… თავადაც ვერ ვხვდებოდი რას მიმზადებდა ბედისწერა…

“ერთადერთი იყო, ვინც ჯერ კიდევ მაშინ დაიჯერა… თავადაც ვერ ვხვდებოდი რას მიმზადებდა ბედისწერა…"

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავის გახსნას, კომპოზიტორი, დირიჟორი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ჩემი სამშობლოში დაბრუნებაც მისი იდეა და სურვილი იყო, ჩამაბარა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ორკესტრი და ძალიან მალე მიგვატოვა…

მას მერე ქართულ პოლიტიკაში ასეთი მაღალი ღირებულებების ადამიანი არ გამოჩენილა და დღეს როდესაც უკვე არც თუ ისე ცოტა დრო გვაშორებს მის ყოფნასთან მისი არყოფნა კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს იმ სიცარიელეს, რისი შევსებაც ვერავინ შეძლო!

მე მადლობელი ვარ მისი ამაგის, რადგან ერთადერთი იყო არამუსიკოსებს შორის, ვინც ჯერ კიდევ მაშინ დაიჯერა ჩემი მომავლის, როდესაც თავადაც კი ვერ ვხვდებოდი რას მიმზადებდა ბედისწერა…

ზურასთან ერთად ჩემი განუზომელი მადლობა მის ნინოს და ჟვანიების უძვირფასეს ოჯახს, რომლებთან ერთად მეც უსაზღვროდ მიხარია ჩვენი ვარსკვლავი ევროსაბჭოს მოედანზე!

რჩეულ ადამიანთა ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა თავისი ნაფიქრით ისტორიის შექმნაში იღებს მონაწილეობას. ზუსტად ასეთი მნიშვნელობის იყო მისი სიტყვები 20 წლის წინ, რომელმაც ახლა უკვე სამუდამოდ დაიდო ბინა ვარსკვლავთან და მისი ავტორის ხელმოწერასთან ერთად!”, – დაწერა ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში.

10 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, ვარსკვლავზე პოლიტიკოსის მიერ ისტორიული ფრაზაც დაიწერა, რომელიც ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

ვარსკვლავის გახსნას ზურაბ ჟვანიას ოჯახი და  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზურაბ ჟვანია გაიხსენა და თავისი გამოსვლა ისტორიული სიტყვებით დაასრულა:

“20 წლის წინ — 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს — 20 წლის შემდეგ — მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!”

ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური საქმიანობა 1988 წლიდან დაიწყო. მან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იგი ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე გახდა.

1995 წლიდან, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა –„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლისა გარდაიცვალა.