ფოთის პორტში მუშები გაიფიცნენ

ფოთის პორტში მუშები გაიფიცნენ

ფოთის პორტის 12-13 და 14 ნავმისადგომებზე დასაქმებული ადამიანები, შრომითი უფლებების შელახვას აპროტესტებენ. როგორც ისინი ამბობენ, წლების განმავლობაში სარეზერვო თანამშრომლებად რჩებიან, რის გამოც შეუსაბამო შრომით ანაზღაურებას იღებენ. მათივე თქმით, მოუგვარებელია უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის წესები. მათ დღეს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სამუშაო პროცესი მანამ არ აღდგება, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენს მდგომარეობაში ოთხი ბრიგადა და ოთხი ცვლაა, პირველ რიგში ვითხოვთ, რომ კონტრაქტები გაგვიფორმონ, რადგან ვიცოდეთ რა თანხას ავიღებთ ჩვენი შრომის საფასურს. არცერთი მათგანი არ ვართ დაზღვეულები და რამე რომ დაგვემართოს, ჩვენი პატრონი არავინაა. უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ არის დაცული. არცერთი ჩვენგანი, მუშაობას მანამ არ გააგრძელებს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში, პორტის სარეზერვო ბრიგადის თანამშრომელმა, ბესიკ ფაციამ.

პორტის მუშების მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარი ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ქროულიმ გააკეთა.

ესენი არიან ადამიანი, რომლებიც პორტის თანამშრომლები არ არიან, მაგრამ დროდადრო ვქირაობთ. მათ გასულ თვეს, საშუალოდ გამოიმუშავეს 500 ლარი. როგორც მივხვდი ისინი არ არიან თავიანთი სამუშაოთი კმაყოფილები. პორტში მუდმივ სამუშაოზე დასაქმებულია 1000 ადამიანზე მეტი, ყველა მათგანს გააჩნია სოციალური და დაზღვევის პაკეტი, რომელსაც ჩვენ დამატებით ვარიცხავთ 110 ლარს ყოველთვიურად. ასეთი პაკეტი ჩემი აზრით, არცერთ საწარმოს საქართველოში არ გააჩნია. რაც შეეხება რეზერვისტებს, დიახ, ისინი არ არიან შტატში, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმდენი სამუშაო, რომ ისინი მუდმივად დატვირთულები იყვნენ. როგორც ყველა ბიზნესს, ჩვენ არ შეგვიძლია თავზე ავიღოთ ზედმეტი ხარჯები. მაგრამ, ჩვენ მათზე ვზრუნავთ და ვუხდით იმაზე მეტს, ვიდრე საბაზრო ნორმაა. თუ მათთვის რაღაც უკეთესადაა გასაკეთებელი, შეგვიძლია გავაკეთოთ“,-აცხადებს პორტის გენერალური დირექტორი.