ნიკა მელიას სააკაშვილის იდეები აღარ მოსწონს:  

ნიკა მელიას სააკაშვილის იდეები აღარ მოსწონს:  "ეს არ ნიშნავს, რომ მე მას ყველაფერში ვეთანხმები"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ის არ ეთანხმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ პარლამენტის როლი უნდა დაკნინდეს. იგი არც იმ კითხვაზე პასუხისთვისაა მზად, რომელიც  2020 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ელექტრონული კენჭისყრით არჩევას ეხება.

"სააკაშვილმა თქვა და მისი ხედვა წარმოადგინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე, ნიკა მელია მას ყველაფერში ვეთანხმები. ბევრი რამ გასაკეთებელია, ჩვენ ვსაუბრობდით, მათ შორის სააკაშვილიც, რომ შიდა პარტიულ არჩევნებზე ელექტრონულ ფორმატში მოხდეს სხვადასხვა თანამდებობაზე თუ საკითხების კენჭისყრაზე დაყენება, რაც მისასალმებელია და ეს ადრე თუ გვიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ფარგლებში მოხდება.

რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობას, როგორ უნდა იყოს ის... ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ვმოღვაწეობთ და ამ ყველაფრის თაობაზე ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. მე იმ ნაწილში არ ვეთანხმები ამ წუთას ბატონ სააკაშვილს, რომ პარლამენტის როლი უნდა დაკნინდეს", - განაცხადა "იმედი ლაივის" ეთერით მელიამ.

სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნები ელექტრონული უნდა იყოს და ხშირად უნდა ჩატარდეს. სააკაშვილის თქმით, პარლამენტი იქნება, "მაგრამ პარლამენტის ფუნქციები იქნება შეზღუდული". ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაც ელექტრონულად უნდა მოხდეს.