კახა კალაძისთვის გაუგებარია ტაქსის მძღოლებისა და “ლეიბორისტული პარტიის” დღევანდელი პროტესტის შინაარსი. თბილისის მერის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებს ტაქსის მძღოლები შეცდომაში შეჰყავთ, რადგან რეალურად ტაქსის მძღოლებს მანქანის თეთრად გადაღებვისთვის ხარჯის გაღება არ უწევთ.
„გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე, რას აპროტესტებენ ეს ადამიანები, რადგან, რასაც სოციალურ და ფინანსურ დატვირთვას უკავშირებენ, ისეთი არაფერი არ არის. გადაღებვის ხარჯები იყო – მათ არაფერი, არც ერთი თეთრი არ აქვთ გადასახდელი. თუ გადაღებვა პრობლემაა, კი ბატონო, გადავაკრათ. ანუ, არანაირი ხარჯი მათ არ აქვთ. გულწრფელად ვამბობ, რომ გაუგებარია, რას აპროტესტებენ. ძალიან მარტივია, ეს არის „ლეიბორისტული პარტიის“ მცდელობა, რომ ეს ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და ბოროტად გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი რეგულაციების შესაბამისად ტაქსის მძღოლებმა ავტომობილები თეთრად უნდა გადაღებონ.
სწორედ ეს რეგულაცია გააპროტესტეს დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ტაქსის მძღოლებმა და “ლეიბორისტულმა პარტიის” წევრებმა.