ბრიტანეთი თუ გადის ევროკავშირიდან, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ახალ წევრებს მიიღებს

ბრიტანეთი თუ გადის ევროკავშირიდან, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ახალ წევრებს მიიღებს

ბრიტანეთი თუ გადის ევროკავშირიდან, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ახალ წევრებს მიიღებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ Bloomberg-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში საქრთველოს სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების მთავარი გამოწვევა ანტიეროვნული და პრორუსული ძალების შემოტევების მოგერიება იქნება, რომლებიც ეცდებიან, რომ ქვეყანაში ევროკავშირთან მიმართებაში ნიჰილისტური განწყობები გააღვივონ.

„დღესდღეობით ბრიტანეთი ვერ გადის ჯერ ევროკავშირიდან, რადგან პარლამენტმა გადადო ამ საკითხის განხილვა. თუმცა ბრიტანეთი თუ გადის, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ახალ წევრებს მიიღებს. ბრიტანეთი ყველანაირად აკმაყოფილებს რა თქმა უნდა, ევროკავშირის სტანდარტებს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ გახლდათ მონეტარული პოლიტიკისა და შენგენის ზონის წევრი სახელმწიფო. ბრექსიტის შემთხვევაში საქართველომ შეიძლება იმოქმედოს შემდეგნაირად - მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ იგივე ანტიეროვნული და პრორუსული ძალები შეეცდებიან, რომ საზოგადოებაში გაავრცელონ ნიჰილისტური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. კერძოდ: როგორ შეიძლება იმ ორგანიზაციაში შესვლა, რომელიც თურმე იშლება და ბრიტანეთი გადის. ამის საპასუხოდ საქართველოს პოლიტიკა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების, უნდა იყოს ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული და უნდა გაგრძელდეს იმის მტკიცება, რომ შეიძლება ბრიტანეთი გადის ევროკავშირიდან, მაგრამ ეს იქნება დიდი ალბათობით, ერთადერთი შემთხვევა და გამონაკლისი“, - განაცხადა ჩიტაძემ.