პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ, ხმაურით დაიწყო. სხდომის დასაწყისში „ევროპული საქართველოს" წევრებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სთხოვეს, ანგარიშის წარდგენამდე, გაეცა მათთვის პასუხი, მივა თუ არა საკომიტეტო მოსმენაზე.
როგორც პარტიის წევრებმა კობა გვენეტაძეს მიმართეს, ახალი რეგლამენტის მიხედვით, მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს კომიტეტზე მისვლა.
„არა მხოლოდ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს", რომლებმაც თქვენი მოსვლა მოვითხოვეთ კომიტეტზე, არამედ ბატონმა კობამ ყველას, მთელ პარლამენტს უნდა მოგვახსენოს, ანუ თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თქვენს თავს, ბატონო კობა? პირდაპირ უთხარით აი ამ ხალხს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უბრალოდ ფეხებზე გკიდიათ ჩვენ მიერ მიღებული კანონის მოთხოვნები, როცა ეს თქვენ გეხებათ. გაბედეთ და გვითხარით", - მიმართა გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს.
ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები აქვს, მათ შეუძლიათ ეს კითხვები პლენარულ სხდომაზე დასვან და ცალ-ცალკე კომიტეტებზე მისი მიყვანის აუცილებლობა არ არის.
თალაკვაძის აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.