ტარიელ ონიანს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ, ატყდება თუ არა ახალი

ტარიელ ონიანს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ, ატყდება თუ არა ახალი "ქურდული ომი"?

კრიმინალური სამყაროს "გენერალსიმუსად“ წოდებული ქართველი "კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი, რამდენიმე დღეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. როგორც ცნობილია, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ  ვადაზე ადრე მოუწევს გათავისუფლება. რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ონიანი ციხიდან გამოსვლის შემდეგ გულხელდაკრეფილი არ იქნება. უკვე ცნობილია, რომ ე.წ. "კანონიერი ქურდი" ორგანიზებას უკეთებს ისტორიაში ყველაზე დიდ "სხადნიაკს“, რომელსაც "კრიმინალის გენერლები“ დაესწრებიან. სწორედ მსგავსი შეკრება მოაწყო 2015 წელს შაქრო კალაშოვმა სომხეთში.

კალაშოვის დაკავების შემდეგ, კრიმინალურ სამყაროში გაჩნდა კითხვა, ვინ იქნება #1 ე.წ. კანონიერი ქურდი და ვინ ჩაიბარებს "ქურდულ ობშიაკს“. კალაშოვის დაკავების შემდეგ ის ოლეგ შიშკანოვს გადააბარეს, თუმცა როგორც ამბობენ, შიშკანოვი პასიურია და სავარაუდოდ, ამ ადგილის დაკავებას ონიანი შეეცდება. ისიც ცნობილია, რომ კრასნოდარის მხარეში კოლონიაში მყოფი კალაშოვი მარტივად არ დათმობს "ტახტს“ და ის გავლენას მოახდენს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა რამდენიმე დღეში "გენერალსიმუსი“ ონიანი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და არავინ იცის რა მოხდება კრიმინალურ სამყაროში.

ტარიელ ონიანი, იგივე ტარო, 1952 წლის 2 ივნისს, ლენტეხში დაიბადა, თუმცა ტყიბულში გაიზარდა, მისი მომავალი პროფესია, სავარუდოდ, მაღაროელობა იქნებოდა, რომ არა მამის ტრაგიკული სიკვდილი, ის მაღაროში მუშაობისას დაიღუპა, რის გამოც ეს საქმე სასტიკად შეიძულა.

17 წლის იყო, როდესაც ქურდობისთვის პირველად გაასამართლეს. პირველი დაკავებიდან სამი წლის შემდეგ კი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ქურდად აკურთხეს". ონიანმა დაახლოებით რვაჯერ მოიხადა პატიმრობა ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოდანაშაულისთვის.

1980-იან წლებში ის მოსკოვში დასახლდა და აქ ჩაუდგა სათავეში ე.წ. ქუთაისურ დაჯგუფებას, 1992 წლიდან საფრანგეთში, შემდეგ კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამშენებლო ბიზნესში საქმიანობდა.