"ოცნების" ყოფილი დეპუტატი არგონავტების გემს აშენებს და გაცურვას აპირებს

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ არგონავტიკის იდეა დიდი ხანია აწუხებს და სურს მეტი დაფასება ჰქონდეს ამ თემას. ამიტომ ძველი კოლხეთის თემა წამოსაწევია.

"მქონდა იდეა „არგონავტიკის“ თემა განმეახლებინა. სტუდენტების აქტიურობით დავიწყეთ მუშაობა. გვინდა ტიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლის იუბილეს გამოვეხმაუროთ. 30 წლის იუბილე თბილისში აღინიშნა, არადა ქუთაისი იყო კოლხეთის დედაქალაქი და ქალაქის მთავარი თემა უნდა იყოს", -აცხადებს ომარ ნიშნიანიძე. მისი თქმით, "არგოს" მშენებლობა ხარჯებთანაა დაკავშირებული და მეგობრების დახმარებით აშენებს.

"როგორც ხდება, ზოგადად, ქუთაისში იდეას ენთუზიზმით შეხვდნენ, მაგრამ მერე უარი თქვეს. რამდენიმე პიროვნება მეხმარება. ვანელებმა გამოჩინეს ინიციატივა და ამიტომ გავრისკე. დაახლოებით, 15-20 ათასი მაინც დაჯდება, რაც ჩემთვის დიდი თანხაა", - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

ყოფილი დეპუტატის თქმით, კონსტრუქციის ასაგებად მხატვრები, კონსტრუქტორები მოიწვია და მათი დამხარებით ააგო, სპეციალისტებმა განსაზღვრეს, როგორი ფორმის და რა ზომის უნდა ყოფილიყო. გემი მიახლოებული იქნება ისტორიულ „არგოსთან“. რადგან მარტო ხე ვერ გარისკეს, რკინა გამოიყენეს, მაგრამ მეტალი არ გამოჩნდება. კონსტრუქცია ამ ეტაპზე ფოთშია და იქ აიგება. იდეის ავტორს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ეხმარებიან, გემის თანმხლები პირები კონკურსის გზით შეირჩევიან.

"ვგეგმავთ, 2 ივნისს ვანელობის დღესასწაულს დავამთხვიოთ, რადგან ვანელებმა მეტად იქატიურეს. ტიმ სევერინმა ჭყვიშამდე მიიყვანა „არგო“, ვაპირებთ, ჩვენც გალაკტიონის სახლ-მუზეუმამდე მივიყვანოთ. გემზე ისტორიული გმირები გვეყოლება, იქნება შოუ. ჯამში, 20 ადამიანი ვიქნებით", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. მისი თქმით, სტუდენტებთან ერთად მოგზაურობა ფოთიდან დაიწყება და ვანში დასრულდება.