Reuters-ის ცნობით, ვენესუელაში ელექტრომომარაგება ქვეყნის ექვსზე მეტ შტატს შეუწყდა. დენის გარეშეა დარჩენილი კარაკასის ნაწილიც. მუშაობა შეაჩერა დედაქალაქის მეტრომ. ამასთან, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნის 17 შტატი დარჩა.
მისივე ცნობით, ვენესუელის ნახევარ ტერიტორიაზე ინტერნეტი გაითიშა. ვენესუელის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე 7 მარტს მომხდარი ავარიის გამო, თითქმის მთელ ქვეყანას ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.