გამოკითხვა: მეორე ტურში იულია ტიმოშენკო და ვლადიმერ ზელენსკი გავლენ

გამოკითხვა: მეორე ტურში იულია ტიმოშენკო და ვლადიმერ ზელენსკი გავლენ

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იულია ტიმოშენკო და ვლადიმერ ზელენსკი გავლენ. ამაზე მიუთითებს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც 16-23 მარტს კომპანია Blue Dawn Monitoring-მა ჩაატარა. გამოკითხვაში პირველი ადგილი კვლავ ზელენსკის უკავია. არჩევნები მიმდინარე კვირას რომ ტარდებოდეს, მას ხმას გამოკითხულთა 25% მისცემდა.

რაც შეეხება მეორე ადგილს, იულია ტიმოშენკოსა და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეიტინგებს შორის არსებული სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა - ტიმოშენკოს ხმას გამოკითხულთა 18,8%, პოროშენკოს კი 12,7% მისცემდა.

რესპონდენტებმა ასევე უპასუხეს კითხვას, თუ ვის მისცემდნენ ხმას მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში. თუ მეორე ტურში პოროშენკო და ტიმოშენკო გავიდნენ, მოქმედ პრეზიდენტს მხარს რესპონდენტთა 15% დაუჭერს, ტიმოშენკოს კი - 27%. იმ შემთხვევაში კი, თუ მეორე ტურში არჩევანი პოროშენკოსა და ზელენსკის შორის იქნება გასაკეთებელი, პირველს მხარს გამოკითხულთა 14% დაუჭერს, მეორეს კი - 33%. რაც შეეხება ზელენსკისა და ტიმოშენკოს კომბინაციას, ამ შემთხვევაში ყოფილ პრემიერს ხმას გამოკითხულთა 18%, ყოფილ მსახიობს კი - 30% მისცემდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 5000 რესპონდენტმა მიიღო. სტატისტიკური ცდომილება კი 1,4% არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. მთავარ ფავორიტად პოლიტოლოგები და ექსპერტები მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ყოფილ მონაწილესა და მსახიობს, ვლადიმერ ზელენსკის ასახელებენ.