ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის სამმართველოს ინსპექტორებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 29 არალეგალი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 22 ქალი და 7 კაცია. ისინი სამუშაო ვიზების გარეშე ქალაქ ნეს-ციონაში მუშაობდნენ.
დაკავებულ არალეგალებს შორის უკრაინის 22, საქართველოს - 4, რუსეთის 1, პოლონეთის 1 და მოლდოვის 1 მოქალაქეა. ისინი ისრაელში ტურისტული ვიზებით შევიდნენ, თუმცა კანონით გათვალისწინებულ დროში ქვეყანა არ დაუტოვებიათ. ზოგიერთმა მათგანმა ისრაელის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის ან ჰუმანიტარულ საფუძველზე ბინადრობის უფლების მინიჭების თხოვნით მიმართა, თუმცა არც ერთი მათგანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ყველა დაკავებულს ისრაელიდან დეპორტაცია ელოდება. მათი დამსაქმებლის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ისრაელის მიგრაციის სამსახურმა საქართველო და უკრაინა ამოიღო „საშიში ქვეყნების“ სიიდან, რომელთა მოქალაქეებსაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ. მოსახლეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის სამმართველოს ხელმძღვანელის შლომო მორ-იოსეფის განცხადებით, ბოლო დროს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მოთხოვნები დაჩქარებული წესით განიხილება, რათა არალეგალები სამშობლოში უფრო სწრაფად დაბრუნდნენ.