ორწლიანი გამოძიების შედეგებმა, ამერიკის შეერთებული შტატები ორად გაჰყო, - სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ აღმოაჩინა. თეთრი სახლი და „რესპუბლიკური“ პარტია ტრამპის აბსოლუტურ გამარჯვებას ზეიმობს, ხოლო „დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ გამოძიების დასკვნები ნაჩქარევია და პრეზიდენტის იმპიჩმენტის იდეაზე უარს არ ამბობენ.
აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სარა სანდერსმა 24 მარტი ამერიკის დიდებულ დღედ გამოაცხადა. „ორწლიანი ისტერიის შემდეგ, პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები აბსოლუტურად გაამართლეს“, - განაცხადა სანდერსმა.
თვითონ ტრამპი გამოძიების შედეგებზე თწიტტერ-ზე გამოეხმაურა: „არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, დასრულდა და სრული თავისუფლებაა. ახლა ამერიკას დავუბრუნოთ ძველი დიდება", - წერს ტრამპი.
პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ განაცხადა, რომ ამჟამად ღირს იმ ადამიანების წინააღდეგ გამოძიების ჩატარება, ვინც ტრამპის წინააღმდეგ ატარებდა გამოძიებას. „უნდა დადგინდეს, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი და ვინ გადაიხადა პრეზიდენტის დისკრედიტაციის ფასი“, - განაცხადა ჯულიანიმ.
ამერიკული მედია, რომელსაც ტრამპის ხშირად ადანაშაულებს „ყალბი ამბების“ გავრცელებაში, აღიარებენ, რომ „პრეზიდენტ ტრამპზე არსებული შავი ღრუბელი საბოლოოდ გაქრა“. ბევრი ითხოვს მიულერის გამოძიების მთლიანი ანგარიშის გამოქვეყნებას. გავრცელდა მხოლოდ გენერალური პროკურორის უილიამ ბარის 4-გვერდიანი დასკვნა. „დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ პროკურორი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და შეიძლება ბოლომდე არ თქვა სიმართლე.
23 მარტს აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება დასრულდა. გამოძიება 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას ტრამპის რუსული კავშირების საქმეს სწავლობდა.