Brexit-ის გადადება დამტკიცებულია, - ბრიუსელში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. ევროკავშირის შეთანხმებული დოკუმენტის მიხედვით, Brexit-ის თარიღი იმ პირობით შეიცვლება, თუ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 29 მარტამდე, ტერეზა მეისა და ბრიუსელს შორის გარიგების პირობებს მოიწონებს.
ვითარების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა 22 მაისამდე გადაიდება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 22 მაისი უკანასკნელი ვადაა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე განცხადება ტერეზა მეიმაც გააკეთა და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ვადის გადატანა 30 ივნისისთვის მოითხოვა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Brexit-ი 29 მარტს უნდა შემდგარიყო.
20 მარტს მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადავადების შესახებ ოფიციალურად მიმართა.
იმავე დღეს ტუსკმა განაცხადა, რომ Brexit-ის ვადის გადაწევა შესაძლებელია.
რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების 30 ივნისამდე გადავადებას კანონმდებლებმა 412-ით 202-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.