კონგრესი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბრის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. დემოკრატიული პარტიის წევრები ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ლიდერების დიალოგზე ინფორმაცია არ გასაჯაროვდებოდა.
მოგვიანებით, ამ თემაზე იურიდიულ საკითხებში პრეზიდენტის კონსულტანტმა განმარტებები გააკეთა. პეტ ჩიპოლონემ არგუმენტად ქვეყნის კონსტიტუცია მოიყვანა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვალდებული არ არის, უცხო ქვეყნის ლიდერებთან კონფიდენციალურ ურთიერთობებზე კანონმდებლებს ინფორმაცია მიაწოდოს.
კონგრესმენები ტრამპისა და პუტინის იმ საუბრის დეტალებით დაინტერესდნენ, რომელიც ჰელსინკში, ლიდერების პირისპირ შეხვედრის დროს შედგა. საკითხი აქტუალური ჭასჰინგტონ Pოსტ-ის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გახდა. გავლენიანი გამოცემის პუბლიკაციაში ეწერა, რომ 2017 წელს, ჰელსინკში გამართული სამიტის შემდეგ, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დეტალები დამალა.
16 ივლისს ჰელსინკში ამერიკისა და რუსეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.