რუსეთის დუმა, ყირიმის

რუსეთის დუმა, ყირიმის "23 წლიანი ანექსიისთვის" უკრაინისგან კომპენსაციას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შეიქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყირიმის ეკონომიკაზე უკრაინის ქმედებების გამო მიყენებულ ზარალს შეისწავლის.

„სახელმწიფო დუმის სათათბირო იმსჯელებს, იმ ზიანზე და ზარალზე, რომელიც ყირიმს და სევასტოპოლს უკრაინის მიერ 23 წლიანი ანექსიის გამო მიადგა.“- განაცხადა ვოლოდინმა.

მისი თქმით, სამუშაოში ჩაერთვებიან ეკონომისტები, მეცნიერები, რეგიონის წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფს კი დუმის ვიცე-სპიკერი ივან მელნიკოვი უხელმძღვანელებს.

მანამდე ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმს უნდა აუნაზღაუროს ის ზარალი, რომელიც ნახევარკუნძულს უკრაინის შემადგენლობაში 23 წლის განმავლობაში ყოფნის დროს მიადგა,. მისი თქმით, „უკრაინა ყირიმს ძალიან უნამუსოდ ექცეოდა, დაირღვა მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის ენის უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.“

შეგახსენებთ, 1954 წელს ყირიმის ოლქი რსფსრ-ის შემადგენლობიდან გამოვიდა და შევიდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 2014 წლის კრიზისის შემდეგ, რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. მსოფლიო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. რუსეთი ყირიმს უკრაინის მიერ "ანექსირებულად" 1991-2014 წლების პერიოდში მიიჩნევს.