აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აქტიურად განიხილავს ნატოში ბრაზილიის გაწევრიანების საკითხს. ამის შესახებ ტრამპმა ბრაზილიის პრეზიდენტთან, ჟაირ ბოლსონარუსთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის თქმით, ის ბრაზილიის გაწევრიანებას ნატოს გარდა სხვა რომელიმე სამხედრო ალიანსშიც განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის ასევე ეთანხმება ბრაზილიის ძალისხმევას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში გაწევრიანდეს.
ბრაზილიამ ახალ პრეზიდენტად 63 წლის ჟაირ ბოლსონარუ გასული წლის ოქტომბერში აირჩია. მან არჩევნების მეორე ტურში ხმათა 55% მიიღო. ბოლსონარუს ხშირად ადანაშაულებენ მემარჯვენე პოპულიზმში, უფრო რადიკალური კრიტიკოსები კი მას ბენიტო მუსოლინის და ადოლფ ჰიტლერსაც ადარებენ. პრეზიდენტად არჩევამდე დიდი ხნით ადრე ამერიკული პრესა მას მსოფლიოს პოლიტიკოსთა შორის ყველაზე დიდ „ქალთმოძულეს“ უწოდებდა, ავსტრალიური - „ყველაზე საძულველს“, ბრიტანული კი - „რელიგიურ ნაციონალისტს“, „მემარჯვენე დემაგოგსა“ და „დიქტატურის მეხოტბეს“.