ჩრდილოეთ კორეა: აშშ-მა ხელიდან გაუშვა ოქროს შესაძლებლობა

ჩრდილოეთ კორეა: აშშ-მა ხელიდან გაუშვა ოქროს შესაძლებლობა

აშშ-მა ხელიდან გაუშვა „ოქროს შესაძლებლობა” ჰანოის სამიტზე. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის ჩოი სუნ ჰოის თქმით, ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-სთან და შეინარჩუნოს თუ არა მორატორიუმი სარაკეტო გამოცდებზე.

„ჩრდილოეთ კორეა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ან მოლაპარაკებების გაგრძელებას თუ აშშ 15-თვიანი მორატორიუმის საპასუხოდ თანაზომიერ ცვლილებებს არ განახორციელებს“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

8 მარტს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდას განაგრძობს, იმედგაცრუებული დარჩება.

გასული წლის სექტემბერში, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს უთხრა, რომ სოჰაეს რაკეტების გამშვებ ობიექტს დახურავდა.

მანამდე დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.