ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტი მოუწოდებს ბრიუსელს, შეწყვიტოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ამ შინაარსის ანგარიში კომიტეტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. დოკუმენტი სარეკომენდაციოა და მას იურიდიული ძალა არ აქვს. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტარმა კატი პირიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
ევროპელი კანონმდებლის თქმით, ამ მოწოდების მიზეზი თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. ანგარიშის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თურქეთის ხელისუფლება არადემოკრატიული მმართველობის ფორმებს მიმართავს, ქვეყანაში კი სულ უფრო და უფრო ხშრად ირღვევა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება და ხდება ზეწოლა სასამართლო სისტემაზე.
ასევე, მოლაპარაკებების შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება გადაუწყვეტელი დავები კვიპროსთან და სხვა მეზობლებთან. ამ ანგარიშს უკვე გამოეხმაურნენ ანკარაში.
თურქეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ამ რეკომენდაციებს თურქეთი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.