ტრამპის შტაბის ყოფილ უფროსს შვიდნახევარი წელიწადი მიუსაჯეს

ტრამპის შტაბის ყოფილ უფროსს შვიდნახევარი წელიწადი მიუსაჯეს

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებისა და მოწმეებზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის 6 წელი მიუსაჯეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

გასულ კვირას მანაფორტს გადასახადებისთვის თავის არიდებისა და საბანკო სფეროში თაღლითობისთვის 3 წელი და 11 თვე უკვე მიუსაჯეს.

სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების შედეგად კი, ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ციხეში 7 წელიწადსა 6 თვეს გაატარებს.

მანაფორტის წინააღმდეგ საქმე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღიძრა. მის მიმართ ბრალდება ეხება მის მუშაობას უკრაინული პარტიისთვის, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ ინუკოვიჩი იყო. კერძოდ, საუბარია უკანონო ლობისტურ საქმიანობაზე და შემოსავლების დამალვის მცდელობაზე, რომელიც მან პოლიტიკური კონსულტაციებისთვის მიიღო.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.