ვაშინგტონი და ვარშავა ერთობლივი სამხედრო ბაზის შექმნზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინფორმაციას გაზეთი Stars and Stripes-ი ავრცელებს, რომელიც სამხედრო თემებზე წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ბაზის საკითხი მხარეებმა პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების წარმომადგენლის ვიზიტისას განიხილეს.
ქეთრინ უილბარგერის თქმით, შეთანხმების მომზადებას შესაძლოა 6 თვიდან ერთ წლამდე დრო დასჭირდეს. ამ დროისთვის პოლონეთში დაახლოებით 4 500 ამერიკელი სამხედროა. ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული თანამედროვე ამერიკული სამხედრო ტექნიკაც. მათ შორის საარტილერიო სისტემა HIMARS-ი.
პოლონეთსა და ამერიკას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით უკმაყოფილოა რუსეთი. მოსკოვში განმარტავენ, რომ რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო სისტემის განთავსებით ვაშინგტონმა მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების შესახებ შეთანხმება დაარღვია.