უკრაინის შს მინისტრმა პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბი ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას Pravda ავრცელებს.
არსენ ავაკოვის თქმით, მოქმედი პრეზიდენტის გუნდი ამისთვის ადმინისტრაციულ რესურსებსა და საბიუჯეტო პროგრამებს იყენებს. „შტაბი ქირაობს აგიტატორებს, რომლებიც ირჩევენ 100 უღარიბეს ადამიანს, ძირითადად პენსიონერებს. შემდეგ ამ ადამიანებს ეკითხებიან, დაუჭერენ თუ არა მხარს არჩევნებზე მათ კანდიდატს. ვისგანაც თანხმობას იღებენ, მათ სახელებს ინიშნავენ და რაიონულ საბჭოებს ავალებენ, რომ ამ ადამიანებს 1000 გრივნა გადაუხადონ. ამისთვის საბიუჯეტო პროგრამებს იყენებენ,“-განაცხადა ავაკოვმა. მისივე თქმით, ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა კიევის, ოდესისა და ხარკოვის ოლქებში გამოვლინდა.