ნემცოვი, ყირიმი, არჩევნებში ჩარევა და აშშ-ის მოკავშირეების დაცვა - აშშ-ის კონგრესმა კრემლის წინააღმდეგ 4 კანონი მიიღო

ნემცოვი, ყირიმი, არჩევნებში ჩარევა და აშშ-ის მოკავშირეების დაცვა - აშშ-ის კონგრესმა კრემლის წინააღმდეგ 4 კანონი მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 4 დოკუმენტი მიიღო, რომლებშიც კრემლის პოლიტიკაა დაგმობილი. კონგრესმენებმა ბორის ნემცოვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინის რეჯიმს დააკისრეს და ასევე აშშ-ის მთავრობას სამუდამოდ აუკრძალეს ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად იურიდიული ან ფაქტობრივი აღიარება.

პირველი დოკუმენტის სახელწოდებაა „ოპონენტების დევნა და მკვლელების დაფარვა“ და ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხებოდა, დოკუმენტში დაგმობილია პუტინისა და მისი რეჟიმის მიერ ოპონენტების დევნა და ბორის ნემცოვის მკვლელების დაფარვა. დოკუმენტი მოუწოდებს ამერიკის ხელისუფლებას წამოსწიოს ბორის ნემცოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რუსეთის ხელისუფლებასთან ნებისმიერი მოლაპარაკებების დროს და რუსეთს მოუწოდებს დაუშვას ამ საქმის საერთაშორისო გამოძიება ეუთოსთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ ადამიანების წრე, რომელიც დაკავშირებულია ამ დანაშაულთან, შეიყვანონ ისინი „მაგნიტსკის სიაში“, გაუყინონ აქტივები აშშ- ში და აუკრძალონ ქვეყანაში შესვლა. ასევე ამ უწყებებმა უნდა შეამოწმონ, რა ღონისძებები გაატარეს დანაშაულის გამოძიებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში.

დოკუმენტი დაჟინებით მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გამოძიოს ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის და მისი გარემოცვის აქტივობა. კერძოდ გამოიკვლიოს კადიროვის ბიზნესები საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და გაარკვიოს სრულდება თუ არა მასთან მიმართებით დაკისრებული სანქციები.

მეორე დოკუმენტი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს ეხება და უკრძალავს აშშ-ის უწყებებს განახორციელონ რაიმე ქმედება ან გაუწიონ რაიმე დახმარება, რომელიც ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას შეუწყობს ხელს.

მესამე დოკუმენტი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში მეტ გამჭვირვალობას ეხება და კონგრესმენების მოსაზრებით აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევაზე საპასუხო ზომებს გულისხმობს.

დოკუმენტის თანახმად აშშ-ის დაზვერვა შეძლებს მონაცემების შეგროვებას პუტინისა და მისი გარემოცვის შესახებ. პალატის წევრების მოწოდებით, აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვას უნდა დაევალოს სახელმწიფო მდივანთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოამზადოს ანგარიში რუსეთის პრეზიდენტის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მეოთხე დოკუმენტი აშშ-ის დაზვერვისგან 3 ანგარიშის მომზადებას ითხოვს, რომელშიც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის განზრახვებს შეეხება. ანგარიშებში შეფასებული უნდა იყოს ის შესაძლო საფრთხეები, რომელიც რუსეთისგან აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეებს ემუქრება.

სავარაუდოა, რომ დაზვერვამ უნდა შეისწავლოს რა გზით შეუძლია მოსკოვს შექმნას აშშ-ისა და მის მოკავშირეებს შორის უთანხმოება.