„დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მოთხოვნა არასწორი, არაკანონიერი და არალეგიტიმურია. ბაგრატიონთა საგვარეულოს პირდაპირი შთამომავლები არიან პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილი-ნუგზარ ბაგრატიონი და მისი შთამომავლები," - ასე შეაფასა ისტორიკოსმა, გიორგი ოთხმეზურმა ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დავა.
მისი განმარტებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მოსაზრება, რომ მისი ყოფილი ცოლი ბაგრატიონების შთამომავალი არ არის და რომ ანას პაპა - პეტრე უმცროსი, მისი მამის, პეტრე უფროსის, ნამდვილი შვილი არ იყო მცდარია.
„რეზონანსთან" საუბრისას ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ დღეს გასამართ სასამართლოზე წარსდგება ჩვენების მისაცემად და ისტორიულ კონტექსტში იმის განსამარტად, თუ რომელის შტოს წარმომადგენლები არიან ამ შემთხვევაში მართლები:
„ბაგრატიონთა სასამართლო დღეს 15:00 საათზე გაიმართება და ვიქნები იქ ჩვენების მისაცემად. სამეფო ოჯახში ხდება ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი უკანონოდ ითხოვს, რომ ჩაითვალოს ბაგრატიონთა სამეფო სახლის, ასე ვთქვათ, წინამძღოლად.
„მისი მოთხოვნა არასწორი, არაკანონიერი და არალეგიტიმურია. ბაგრატიონთა საგვარეულოს პირდაპირი შთამომავლები არიან პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილი ნუგზარ ბაგრატიონი და მისი შთამომავლები,"-განმარტა ისტორიკოსმა.
აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონ-გრუუზინსკების ადვოკატის, ლევან გორელაშვილის ვარაუდი, რომ სიმართლის დასადგენად შესაძლოა, მეფეების ექსგუმაცია გახდეს საჭირო, გიორგი ოთხმეზურის გაოცებას იწვევს:
„რაც შეეხება მეფეების ექსგუმაციაზე საუბარს, ეგ საკითხი მე არ მეხება. მე ისტორიული თვალსაზრისით და ლოგიკით შემიძლია ამ საკითხის განმარტება. კერძოდ, იტორიულ ლოგიკას თუ მივყვებით, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის პირდაპირი შთამომავლები არიან პეტრე ბაგრატოინ-გრუზინსკი და მისი შვილი, ნუგზარ ბაგრატიონი. პეტრე აღარ არის ცოცხალი, ნუგზარი ცოცხალია და გამოდის, რომ მისი ოჯახია ბაგრატიონთა სამეფო სახლის წინამძღოლი.
„ზოგადად, რა საჭიროა მეფეთა ექსგუმაცია, ვერ გავიგე. დავითი არ არის ბაგრატიონ-მუხრანელის უშუალო და პირდაპირი მემკვიდრე. ასე რომ, მას არ აქვს არავითარი უფლება იმისა, რომ მოითხოვოს რაღაცები. რატომ უნდა გახდეს მეფეთა ექსგუმაცია საჭირო? თუ ასეა, მაშინ შეიძლება ბევრი ვინმე გამოჩნდეს და ატარონ მაშინ მეფეების ექსგუმაცია დ იყვნენ ასე. რაც უფრო ნაკლებად შევაწუხებთ მიიცვალებულებს, მით უკეთესი იქნება. კანონიერი მემკვიდრეები არიან ნუგზარ ბაგრატიონი და მისი ოჯახი და არა დავიტ ბაგრატიონი", - დასძინა გიორგი ოთხმეზურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად წარსდგებიან ისტორიკოსები გიორგი ოთხმეზური და რიონ მეტრეველი.
ამასთანავე, ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი, ლევან გორელაშვილი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ცხედრების ექსგუმაცია გახდეს საჭირო.
„ჩვენ მივმართეთ ლევან სამხარაული ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ხელში მიჭირავს მათი პასუხი, რომლითაც დადასტურებულია, რომ დნმ ანალიზის შედეგად განსაზღვრული მისი ჰაპლოტიპის რომელიმე ჰაპლოჯგუფისადმი მიკუთვნების გზით ნათესაური კავშირის დადგენა არ ხდება. ეს არის ზუსტად ის, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. იგი გვეპატიჟება მოგზაურობაში, რომლითაც პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენა არ ხდება, ამიტომ ამ ტიპის ექსპერტიზას სჭირდება, როგორც პეტრე ალექსანდრეს ძეს ექსჰუმაცია, ისე პეტრე პეტრეს ძეს ექსჰუმაცია. მისი ჭორების გამო, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ეჭვები გაჩნდა, სვეტიცხოვლიდან ორ გვამს ეგზჰუმაციაზე ვერ გავუკეთებთ," - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.