ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომეტ დაუდოვმა ჩეჩენ ბლოგერს ტუმსო აბდურახმანოვს ვიდეომიმართვა გაუგზავნა, სადაც მას პირად მტრად აცხადებს და "სისხლიანი შურისძიებით" ემუქრება.
აბდურახმანოვმა, რომელიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს, მაქსიმ შევჩენკოსთან ინტერვიუ გაავრცელა, სადაც რამზან კადიროვის მამას ახმატ კადიროვს ჩეჩენი ხალხის მოღალატე უწოდა. ამ ფაქტზე განაწყენებულმა დაუდოვმა თავის ინსტაგრამზე საპასუხო ვიდეო გაავრცელა.
"ოფიციალურად ვაცხადებ, ტუმსო, მე და ჩემი ძმები, და შენ კარგად იცი ვინ არიან ჩემი ძმები, იმ სიტყვების გამო, რაც შენ ახმატ-ხაჯიზე თქვი, "სისხლიან შურისძიებას" გიცხადებთ. სანამ ჩვენ ძარღვებში სისხლი დაგვიდის, ჩვენს პირად მტრად გაცხადებთ და მოგძებნით,მ სადაც არ უნდა დაიმალო," - ნათქვამია ჩეჩნურ ენაზე გავრცელებულ ვიდეოში.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აბდურახმანოვის მოკვლას არ აპირებს.
"მოვაგვარებთ ამას, მუსულმანური კანონებით მოვაგვარებთ. ჩვენ შენს მოკვლას არ ვაპირებთ, უბრალოდ გასაოცრად გაგამხიარულებთ. დღეიდან, როცა დასაძინებლად დაწვები, შეამოწმე, კარგად და საიმედოდ არის თუ არა ჩაკეტილი კარები. ქუჩაში რომ გახვალ ირგვლივ მიმოიხედე და თუ უცებ უკნიდან პანღურს მიიღებ, იცოდე, ეს შემთხვევით არ არის," - წერს დაუდოვი.
ვიდეო ამჟამად უკვე წაიშალა, თუმცა თავად ბლოგერმა მოასწრო მისი კოპირება და თავის იუთუბზე დადო. იგი მუქარას საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს და ამის თაობაზე პოლონეთის შს-სა და საემიგრაციო სამსახურს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა.