საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებას, უკვე მეორე დღეა ბიზნესმენები ეხმაურებიან და ერთხმად უარყოფენ იმას, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნესი რაიმე სახის ზეწოლას განიცდის.
"ბრითიშ ამერიკან თობაქოს" კორპორაციული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის.
"ფადი ასლის განცხადება ჩვენთან შეთანხმებული არ იყო. მან გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი კომპანია განიცდის და განიცდიდა შევიწროებას სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ განვიცდით ზეწოლას მთავრობის მხრიდან. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ბიზნესგარემო არის ღია და საქართველოში რეგიონისგან განსხვავებული ვითარებაა, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით. ზოგადად, ჩვენ გვაქვს რიგი საკითხები, რომლებსაც გავდივართ სახელმწიფოსთან", – განაცხადა სხვიტარიძემ.
ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის მურატ ჯიმადილაევის განცხადებით კი, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მსგავსი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.
"გამუდმებით ვართ იმის მომსწრენი, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული სუბიექტები თავს მოახვიონ საზოგადოებას მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და ყოვლად გადაუმოწმებელი ინფორმაციები. სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი, თითქოსდა ბათუმის ნავთობტერმინალი ან ბათუმის საზღვაო ნავსადგური სახელმწიფოს მხრიდან განიცდიან გარკვეული ტიპის ზეწოლას, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ყოველივე ამის. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ბათუმის ტერმინალი და არც ბათუმის საზღვაო ნავსადგური არ არიან მონაწილენი ისეთი პროცესებისა, რომლებიც რაიმე სახით სცდებიან სამართლებრივ სივრცეს და გვაძლევენ საფუძველს იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები დავადანაშაულოთ მცდელობაში ხელი შეუშალონ ან ზარალი მიაყენონ ჩვენს საქმიანობას. მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ასლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ტერაბანკი" ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის, კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ სასამართლო დავა, რაც ყველა ქვეყანაში ხდება, ზეწოლად არ უნდა შეფასდეს.