"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მზარდი კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით, "ქართული ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს განიხილავდეს.
"არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნების" წრეებში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს განიხილავდნენ, როგორც მზარდი კრიზისიდან თავის დაღწევის და მოსალოდნელი კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებას. სინამდვილეში, არსებული სისტემით ვადამდელი არჩევნების 2019 წელს ჩატარება იქნება "ოცნებისთვის" საბედისწერო პოლიტიკური სვლა და გეტყვით რატომ - კონსტიტუცია ამბობს, რომ არსებული შერეული სისტემით მხოლოდ უახლოესი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ხოლო ყოველი შემდეგი არჩევნები პროპორციული იქნება. შესაბამისად, თუ 2019 წელს ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ეს იქნება ბოლო არჩევნები მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს არჩეული პარლამენტიც თუ ვადამდე იქნა დათხოვნილი, 2020 წელს ახალი არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება. ესაა კონსტიტუციური მოცემულობა, რომელიც ოცნების პოლიტიკური მზაკვრობის (ვადამდელი მაჟორიტარული არჩევნების) შემხედვარე ოპოზიციას მიიყვანს ლოგიკურ დასკვნებამდე. ასეთ ვითარებაში, მე, მაგალითად, სრულიად ოპოზიციას შევთავაზებდი ორ პუნქტიან შეთანხმებას: 1. 2019 წლის ვადამდელ მაჟორიტარულ არჩევნებში ვმოქმედებთ "ერთობა ერთის წინააღმდეგ“ ფორმულით ანუ, მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი შეთანხმებით ვასახელებთ თითო ოპოზიციურ კანდიდატს და "ოცნებას" არ ვაძლევთ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების საშუალებას; 2. ერთი წლის ვადაში პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური ძალის ერთობლივი ქმედებით ვამწიფებთ პარლამენტის დათხოვნას და 2020 წლის ოქტომბერში ვატარებთ პროპორციულ არჩევნებს, რაც კონსტიტუციით უკვე გარანტირებულია. აღნიშნული ორ პუნქტიანი გეგმით: ა) არ დავუშვებთ ოცნების ერთპარტიული მმართველობის კიდევ 4 წლით გახანგრძლივებას და ქვეყნის გაპარტახებას; ბ) შეიქმნება ერთწლიანი ტექნიკური ოპოზიციური "ერთობა ერთის წინააღმდეგ", რომლითაც ყველა ერთად მოვიპოვებთ სამართლიან არჩევნებს და ვერავინ ვერ მოიპოვებს ძალაუფლებას - ვერც რევანშისტი, ვერც პრორუსი და ვერც პროევროპელი; გ) საძალაუფლებო საკითხები გადაწყდება 2020 წლის ოქტომბერში პროპორციული არჩევნებით, რომელშიც ღირებულებით პლატმორფებზე გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს შორის სამართლიანი კონკურენცია გაიმართება და ამომრჩეველი ყველას თავის ადგილს მიუჩენს - რევანშისტსაც, პრორუსსაც, პროევროპელსაც და ჯერ კიდევ მეოცნებესაც. მოკლედ, ქვეყანა დაზარალდება ამხელა დავიდარაბით, თორემ წესით უნდა მივუშვათ "ოცნება" - თხაროს, თხაროს და 2019-ში ვადამდელი მაჟორიტარულ არჩევნებით 2020-ში პროპორციული გამოითხაროს", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.