ჩრდილოეთ კორეამ სოჰაეს რაკეტების გამშვები ობიექტის აღდგენა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.
სატელიტური სურათები აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გადაიღეს. ობიექტის დაშლა ჩრდილოეთ კორეამ გასულ წელს დაიწყო, თუმცა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შეფერხების შემდეგ, პროცესი შეაჩერა.
გასული წლის სექტემბერში, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს უთხრა, რომ სოჰაეს რაკეტების გამშვებ ობიექტს დახურავდა.
მანამდე დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.