კანადაში, კვებეკის პროვინციაში სიგარეტის სამ მსხვილ მწარმოებელს 17 მილიარდი დოლარის გადახდა დაავალეს. ფულს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც სიგარეტის მოწევისგან დაზარალდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კვებეკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 100 ათასზე მეტი მწეველის სარჩელს ეხებოდა. მოსარჩელეები სიგარეტის მწარმოებლისგან მატერიალურ ანაზღაურებას ითხოვდნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო. მათი თქმით, ისინი არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები მოწევის მავნე ზეგავლენის შესახებ.
თითოეული მოსარჩელე 24-დან 100 ათას დოლარამდე მიიღებს. თანხა დაავადების სიმძიმის მიხედვით გადანაწილდება.