ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო

ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო

მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, მათ ჯერჯერობით სასამართლოსთვის გადაცემული წერილის ასლი არ გადასცემიათ, რის გამოც, წერილის შინაარსზე პროკურორი ვერ საუბრობს.

არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო და მას პირადად გიორგი გახარიასგან დოკუმენტი არ ჩაბარებია, რის გამოც, წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

„მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ან ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ", - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.