"არ ვიცი, რატომ მოხდა, რომ საჭესთან ერთ-ერთი ნასვამი დაჯდა"

"არ ვიცი, როგორ და რატომ მოხდა, რომ საჭესთან ერთ-ერთი ნასვამი ბიჭი დაჯდა", - ამის შესახებ განცხადებას 3 მარტს შემზარავ ტრაგედიაში დაღუპული ახალგაზრდების მეგობარი, 22 წლის ლადო გურგენიძე აკეთებს.

3 მარტს, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისი-წავკისის გზაზე, სადაც ავტოკატასტროფას 18 წლის გიორგი თათარაშვილი, 20 წლის გაგა ლაშქარაშვილი და 23 წლის გიორგი იაშაღაშვილი ემსხვერპლნენ.

დაღუპულთაგან გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი მუსიკალურ ჯგუფ "ლაზათის" წევრები იყვნენ. ანსამბლი დროდადრო ქუჩაშიც უკრავდა, პოპულარობას კი ბოლო ხანს ჩაწერილი სიმღერებით მიაღწიეს.

"მე გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი მუსიკამ დაგვაახლოვა. ბიჭები დასარტყმელ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და თან პროფესიონალურად, ქუჩაშიც ხშირად ვუკრავდით. ერთმანეთი 8 წლის წინ გავიცანით და მას შემდეგ ერთად ვართ. გიორგი და გაგა ტაბახმელაში ცხოვრობდნენ, მაგრამ თბილისში მაშინვე ჩამოდიოდნენ, როგორც კი რაიმეს დავგეგმავდით. ბოლოს ყველამ მუშაობა დავიწყეთ, ზოგი სად ვმუშაობდით, ზოგი - სად, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებდით.

წინა დღეს გიორგი იაშაღაშვილმა ჩამიარა სამსახურთან მანქანით, ფანჯრიდან შემთხვევით დავინახე და დავურეკე, - შემოდი, უნდა გნახაო-მეთქი, ალბათ გულმა მიგრძნო, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. მითხრა, მოგვიანებით გნახავო.

სამივენი ერთ სოფელში, ტაბახმელაში იზრდებოდნენ, გიორგი თათარაშვილი მათზე უმცროსი იყო, მაგრამ მაინც სულ ერთად იყვნენ. იმ დღეს სოფელში ახლობლის დაბადების დღეზეც ერთად ყოფილან და იქედან შინ ბრუნდებოდნენ. არ ვიცი, როგორ და რატომ მოხდა, რომ საჭესთან ერთ-ერთი ნასვამი ბიჭი დაჯდა. ნეტავი გიორგი იაშაღაშვილი მჯდარიყო საჭესთან, მაშინ ეს უბედურებაც არ მოხდებოდა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ლადო გურგენიძე.