აშშ საქართველოში რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის საპილოტე ცენტრს ხსნის,

აშშ საქართველოში რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის საპილოტე ცენტრს ხსნის,

აშშ საქართველოში, ბალკანეთისა და ბალტიის სახელმწიფოებში რუსეთის საინფორმაციო გავლენასთან ბრძოლისთვის მილიონობით დოლარს გამოყოფს. უახლოესი ორი წლის განმავლობაში შეიქმნება ცენტრები, რომელიც აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში რუსეთის საინფორმაციო გავლენის წინააღმდეგ იმუშავებს. ცენტრების მთავარი ფუნქცია იქნება სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე მოსკოვის გავლენის აღმოჩენა და აღმოფხვრა.

გარდა ამისა, აშშ-ის მიერ დაფუძნებული სააგენტოები მონიტორინგის სპეციალურ მისიებთან ერთად გააკონტროლებენ მოსკოვის სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში. ორგანიზაციის შტაბბინა ვაშინგტონში იქნება განთავსებული. საქართველოში კი აღნიშნული პროექტის ფარგლებში საპილოტე ცენტრი სავარაუდოდ მაისიდან ამოქმედდება.

პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პროცესში ჩაერთვება სოციალური ქსელი „ფეისბუქი", „ტვიტერი" და „გუგლი". ამის შესახებ რუსული „იზვესტია" იუწყება ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული თავის წყაროებზე დაყრდნობით.

სხვადასხვა სახელმწიფოებში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტროლს ორგანიზაცია დაიწყებს სულ მალე - მარტის ბოლოს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე მაისში ევროპარლამენტში ჩასატარებელ არჩევნებზე და ოქტომბერში კანადის საპარლამენტო არჩევნებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აშშ გეგმავს ყაზახეთში, მოლდოვაში, ტაივანში და შრი-ლანკაზე გასამართი საპრეზიდეტნო არჩევნების მსვლელობისას რუსეთის კონტროლს, რათა მოსკოვი არ ჩაერიოს ამ არჩევნებში. გარდა ამისა, იგეგმება საქართველოში, ვენესუელაში, ლიეტუვასა და ჩერნოგორიაში საპარლამენტო არჩევნებისთვის თვალყურის მიდევნება:

"მსგავსი გეგმებითვის მილიონობით დოლარი გამოიყოფა. ეს არის რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი გეგმის ნაწილი-განხორციელდება აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში, რომელშიც ვაშინგტონია დაინტერესებული",-განაცხადა წყარომ საინფორმაციო სააგენტო "იზვესტიასთან" საუბრისას.

აშშ-ის ინიციატივით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში რუსეთის საინფორმაციო გავლენასთან მებრძოლი ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გაიხსნას 2019-2020 წლებში.

როგორც „იზვესტია წერს", ვაშინგტონში საპილოტე პროგრამების განსახორციელებლად საქართველოს, ბალკანეთისა და ბალტიის სახელმწიფოების არჩევას იმით ხსნიან, რომ ამ სახელმწიფოებში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც „რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილია".