“ნაციონალურ მოძრაობას” გასულ წელს გამოეყო 25 დეპუტატი და ამით ქვეყანა არ დანგრეულა, ვრჩები ბიძინა ივანიშვილის, ჩემი ნომერ პირველი თანამებრძოლის გვერდით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მმართველი პარტიიდან დეპუტატების ნაწილის წასვლის შესახებ განუცხადა.
“ჩემი აზრით, საფუძველი იმისა, რომ უმრავლესობამ დასვას პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, არ არსებობს. ერთი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ 35-კაციან ფრაქციას გამოეყო 25 დეპუტატი , ანუ 9/10 და მაშინ არ დაქცეულა ეს ქვეყანა და 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა ანუ 10-12% ის ფარგლებში, არც ამით დაიქცევა ქვეყანა. ეს არის დემოკრატიული პროცესი . მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, სად გადის პარტიიდან გამოყოფის ზღვარი. პასუხი – ამბიციების დაკმაყოფილებაზე გადის გამოყოფის ზღვარი. შესაბამისად, გადაწყვეტილების ავტორებს უნდა ჰკითხოთ, რა არის მათი ამბიცია და ამის მიხედვით მიხვდებით, სად არის ეს ზღვარი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.