„დაგვიანებით, მაგრამ დღეს სწორი პროცესი დაიწყო, როდესაც ჩვენთვის საჯარო გახდა ის შეკითხვები, რომელიც „თიბისი ბანკს“ აქვს,“ – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს.
„დღეს სწორი პროცესი დაიწყო, როდესაც ჩვენთვის საჯარო გახდა ის შეკითხვები, რომელიც „თიბისი ბანკს“ აქვს. ჩვენ, პარლამენტის წევრები, ამ პროცესში ნეიტრალურები უნდა ვიყოთ და ჩვენ სწორი პროცესი უნდა უზრუნველვყოთ. სწორ პროცესში, რა თქმა უნდა, შეკითხვები უნდა დასმულიყო. ახლა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიციის გამოხატვას ველოდებით. ფორმატზეც შეუძლება შევთანხმდეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეპუტატებმა გაიგონ ეროვნული ბანკის პასუხები როგორია.
როგორც წესი, ერთი მხარის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო დასკვნისთვის ეს საკმარისი არ არის, მე მგონი ყველა დამეთანხმებით. მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცათ საშუალება, გამოეთქვათ თავისი მოსაზრება. ახლა ეროვნული ბანკის რეაქციას დაველოდოთ. ასევე, გამოხმაურებას პროკურატურის მხრიდან. ჩვენ დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. საშუალება უნდა მივცეთ მათ, აღნიშნულ შეკითხვებთან დაკავშირებით განცხადებები ისეთ ფორმატში გააკეთონ, რომელიც სიტუაციას არ დააზარალებს. შემდეგ პარლამენტარებმა ერთობლივად გადავწყვიტოთ, ღირს ამ შეკითხვებზე პასუხების საჯაროდ გამოტანა, თუ ის მართლაც შეიცავს რაიმეს ისეთს, რის გამოც სწორია მის დახურულ ფორმატში მოსმენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ვინმე მხარედ არ გამოჩნდეს. კოლეგებს მივუწოდებ ნეიტრალურობა შეინარჩუნონ, სანამ ეს საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იქნება,”- განაცხადა რომან კაკულიამ.