რამდენიმე დღის წინ გუბაზ სანიკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სანიკიძემ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პოლიტიკური საჭიროების შემთხვევაში ის მიხეილ სააკაშვილსაც და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება. დავით აქუბარდიასთან ეთერში ყოფნისას სანიკიძემ ასევე თქვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს შეხვდა.
ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანიკიძეს აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელები “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი ეგონა და ეთერის მეშვეობით უშუალოდ მას მიმართა:
“ჩემო სოსო, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ძალიან დიდ პატივს გცემ და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. სანამ რამე განცხადებას გააკეთებდი, სულ თავისუფლად შეგეძლო გადაგემოწმებინა ჩემთან, მართლა შევხვდი თუ არა მიშა სააკაშვილს. სოსო, სააკაშვილს მე ბოლოჯერ 2004 წელს შევხვდი, მის მერე ის აღარ მინახავს. ქვეყნიდან წელიწადანახევარია არ გავსულვარ, ის არ ჩამოსულა, ამიტომ ჩემო კარგო, ასეთ განცხადებას რომ აკეთებ ორი მოტივაციაა, ან ვიღაცამ გითხრა და ვინც გითხრა, სოსო, ჩათვალე რომ შენი პირადი მტერია, ან კიდევ არ გადაამოწმე, ეს უკვე უყურადღებობის ბრალია. ჩემი ტელეფონის თუ არ იცი, დათოსთან (აქუბარდია) დაგერეკა და მოგცემდა ჩემი ტელეფონის ნომერს.
არ შევხვედრივარ ამ სააკაშვილს და იმიტომ კი არა, რომ ვთაკილობ, იმიტომ, რომ საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ ამის პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება, მე სააკაშვილსაც შევხვდები და ბიძინა ივანიშვილსაც სხვათა შორის”, – განაცხადა სანიკიძემ.
გუბან სანიკიძის განცხადებას, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი დღეს გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
“ჩემო გუბაზ, ეს ინფორმაცია მე კი არ გამივრცელებია, პატ.მიხეილმა თქვა თავის საკუთარი ტელევიზიით. მართალია იგი ცნობილი ცრუპენტელაა, მაგრამ მე შენი გვარის დასახელება გამიკვირდა მისი მხარდამჭერების რიცხვში და გული ამიტომ მეტკინა. მახსოვს, ჯალალ ედ-დინ უწოდებდი მას, თორემ შალიკოსგან და მისი ჯიშისანებისგან დიდი ხანია არაფერი მიკვირს, მაგათ რომ უბრძანო, წაიკუზებიან და ფეხსაცმელებს აულოკავენ სალაფავს თუ მიუგდებ, არც მიშას უკვირს… აკი. დაიტრაბახა საკრებულოს 90% მივიმხრეო!
გუბაზ, შენ მაინც იცი კარგად, რომ იმ 10%-ში მე და ჩემი მეგობრები ვიყავით ვინც ვერც ფულით და ვერც დაშინებით ვერ გაგვტეხა! აი, საკვირველი ის იყო შენზე რაც თქვა და ამიტომაც რომ დიდი სიამაყით დაგასახელა! ახლა ეს ტყუილია, თუ მართალი, განმარტებას შენ თვითონ აკეთებ!”, – წერს შატბერაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.