ტრამპი მზადაა კიმ ჩენ ინს კიდევ ერთხელ შეხვდეს

ტრამპი მზადაა კიმ ჩენ ინს კიდევ ერთხელ შეხვდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შესაბამის დროს შეხვდეს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

მისი თქმით, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების წინადადებას ვადები არ აქვს. ბოლტონისავე თქმით, ჰანოის სამიტს ვაშინგტონი წარუმატებლად არ აფასებს, რადგან შტატების ეროვნული ინტერესები კვლავ დაცულია.

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს, რომ ვიეტნამის სამიტის შედეგი ვაშინგტონისთვის უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე ფხენიანისთვის. ჯონ ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს საუკეთესო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რისი მიღებაც ფხენიანს შეეძლო.

მედიაში კი წერენ, რომ აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეას შორის დაწყებული მოლაპარაკებები ურანის გამდიდრების საიდუმლო ქარხნის გამო ჩაიშალა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების ჩაშლის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სანქციების აბსოლუტურ მოხსნას ითხოვდა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა უარყოფს დონალდ ტრამპის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ ფხენიანი ჰანოის არშემდგარ სამიტზე სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.