პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან და არა კარასინთან

პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან და არა კარასინთან

საქართველომ შექმნა ილუზია, რომ მისი ურთიერთობა რუსეთთან უმჯობესდება. ასე აფასებს აბაშიძე-კარასინის შეხვედრას "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

როგორც კანდელაკმა "2020NEWS“-ს განუცხადა, ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის მოსმენაზე, "ევროპული საქართველო" პირველ რიგში დაინტერესდება იმით, თუ რატომ შეხვდა ბატონი აბაშიძე პრაღაში გამგზავრებამდე  ბიძინა ივანიშვილს.

"პირველ რიგში დავინტერესდებით იმით, თუ რატომ შედგა აბაშიძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის კომუნიკაცია პრაღის ბოლო რაუნდის წინ.  აბაშიძე- კარასინის შეხვედრებმა  საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნა ილუზია,  რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უმჯობესდება. მაშინ, როცა ეს ურთიერთობები უარესდება. საოკუპაციო ხაზიდან ყოველდღე იტაცებენ მოქალაქეებს. ჩვენ გვაინტერესებს, როდესაც  ამერიკის პრეზიდენტი  ხვდება პუტინს,  წამოიჭრება თუ არა საქართველოს საკითხი, პასუხი არის მარტივი -  არ წამოჭრიან. მათ შორის იმიტომ, რომ საქართველომ შექმნა ილუზია, რომ მისი ურთიერთობა რუსეთთან უმჯობესდება“, აცხადებს კანდელაკი.

კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს შეხვედრის შემდეგ კარასინის მუქარის ტონი, კანდელაკი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში პრეტენზიები აქვს საქართველოს მხარესთან და არა კარასინთან.

"შეხვედრის შემდეგ კარასინმა ქართველი კოლეგები არასასიამოვნო მოულოდნელობების შესახებ გააფრთხილა. შეხვედრაზე  რას ლაპარაკობენ, ყავას სვამენ, ლიმონათს თუ შამპანიურს, ეს ჩვენ არ ვიცით. ამიტომ პრეტენზია გვაქვს არა კარასინთან, არამედ ჩვენს მთავრობასთან. ჩვენი მთავრობა არ თხოვს თავისუფალი სამყაროს ლიდერებს, რუს ლიდერს როდესაც შეხვდებიან, საქართველოს საკითხი წამოჭრან. ერთია,  ის რომ ისინი  საქართველოს მთლიანობას აღიარებენ, მაგრამ მეორეა - აყენებენ თუ არა  საქართველოს საკითხს რუსეთთან შხვედრისას. დღეს ამ კითხვაზე პასუხი არის - არა და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა", -  განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისათვის, 4 მარტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ.

შეგახსნებთ, გასულ კვირას პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კარასინმა ქართველი კოლეგები არასასიამოვნო მოულოდნელობების შესახებ გააფრთხილა. თუმცა რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რა არასასიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში. განხილვის თემა გახდა ის ფაქტიც, რომ პრაღაში გამგზავრებამდე აბაშიძე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. აბაშიძეს ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.