პაკისტანმა ინდოელი მფრინავი გაათავისუფლა

პაკისტანმა ინდოელი მფრინავი გაათავისუფლა

პაკისტანელმა სამხედროებმა ინდოეთს დატყვევებული მფრინავი აბჰინანდან ვართამანი გადასცეს. ამის შესახებ BBC წერს.

პაკისტანის ხელისუფლებამ 28 თებერვალს განაცხადა, რომ მფრინავს გაათავისუფლებდა და ეს მათი მხრიდან „მშვიდობის ჟესტი“ იქნებოდა.

27 თებერვალს პაკისტანმა ორი ინდური სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო ქაშმირში. 1971 წლის შემდეგ ეს პირველი ავიადარტყმაა, რომელიც ქაშმირის საკონტროლო ხაზთან განხორციელდა. ვართამანი სწორედ იმ დღეს დააკავეს.

პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 44 ინდოელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურმა დელიმ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა. პაკისტანის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.