ფხენიანის რეჟიმის მსხვერპლი სტუდენტის ოჯახმა ტრამპს კიმ ჩენ ინის შექებისთვის უსაყვედურა

ფხენიანის რეჟიმის მსხვერპლი სტუდენტის ოჯახმა ტრამპს კიმ ჩენ ინის შექებისთვის უსაყვედურა

ამერიკელი სტუდენტის, ოტო უარმბიერის ოჯახმა დონალდ ტრამპს უსაყვედურა. მიზეზი ჩრდილოკორეელი ლიდერის შექება გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

ოტო უარმბიერის ოჯახმა განმარტა, რომ ტრამპი-კიმის სამიტის დროს გარკვეულწილად პატივისცემა გამოიჩინეს, თუმცა დუმილი ვიეტნამში ჩაშლილი გარიგების შემდეგ დაარღვიეს.

მათი განმარტებით, თეთრი სახლის ლიდერის ნათქვამს „ვერც ბოდიში და გულუხვი ფრაზები შეცვლის“, რადგან „კიმ ჩენ ინმა და მისმა ბოროტმოქმედმა რეჟიმმა მათი შვილი მოკლა“.

ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეაში 2016 წლის იანვარში დააკავეს. მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 17 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წელს, ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო ფხენიანმა ოტო უარმბიერი აშშ-ს გადასცა. სტუდენტი მალევე გარდაიცვალა. ჩრდილოეთ კორეა დღემდე მისი წამების შესახებ არსებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის მიზანი ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის დათმობა იყო, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური სანქციები უნდა მოეხსნა.