რატომ არ აღიარა ლუკაშენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და რატომ გაბრაზდა მედვედევზე

რატომ არ აღიარა ლუკაშენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და რატომ გაბრაზდა მედვედევზე

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის არაღიარების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ბელორუსი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებდა, ბელორუსი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცოდა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თავიდან, იგი აპირებდა რუსეთთან ერთად ეცნო ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა, მაგრამ გაითვალისწინა ის ზიანი, რაც მის ქვეყანას მიადგებოდა ამ ნაბიჯის შემდეგ და გადაიფიქრა.

მისი თქმით, მან ეს გაფრთხილება NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნისგან ხავიერ სოლანასგან მიიღო, ხოლო რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაგააბრაზა, რადგან პასუხს თავი აარიდა და პრემიერ პუტინთან გადაამისამართა.

"ხავიერ სოლანა, NATO-ს გენერალური მდივანი, ყოფილი, ჩამოვიდა ჩემთან, დიქტატორთან და ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბრის შემდეგ მითხრა: "თუ თქვენ აღიარებთ აფხაზეთს, ჩვენ საერთაშორისო საბანკო სისტემიდან მოგხსნით, სრულ იზოლაციაში მოექცევით.. და აშ." პირდაპირ მითხრა, გულწრფელად და ღიად," - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშნკოს თქმით, როდესაც მან აფხაზეთისა და ცხინვალის არაღიარების მიზეზი დიმიტრი მედვედევს აუხსნა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მას გაურკვეველი პასუხი გასცა, რის შემდეგადაც იგი მიხვდა, რომ დასავლეთის სანქციების შემდეგ, რუსეთი ბელორუსისთვის ზარალის ანაზღაურების გარანტიას არ იძლეოდა.

"იცით რა მიპასუხა? "ალექსანდრე გრიგორის ძევ, ხომ გესმით, მე პრეზიდენტი ვარ და ეს ეკონომიკური საკითხებია, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, ის პრემიერია და ის წყვეტს ამ საკითხებს". მე გავბრაზდი და ვეუბნები "მე პრეზიდენტი ვარ, თქვენც პრეზიდენტი ხართ. თქვენ მკითხეთ და მეც გიპასუხეთ, თუ არ შეგიძლიათ ეს საკითხი გადაწყვიტოთ, პრემიერ-მინისტრთან მაგზავნით, მაშინ რა აზრი აქვს თქვენთან საუბარს?" - განაცხადა ლუკაშენკომ.