ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, პესკოვის შვილი ევროპარლამენტში მუშაობს - რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს პარლამენტში

ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, პესკოვის შვილი ევროპარლამენტში მუშაობს - რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს პარლამენტში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ქალიშვილი ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის პარლამენტში სტაჟიორად მუშაობს და ხელი თავისუფლად მიუწვდება ევროკავშირის ბევრ დოკუმენტზე.

ელიზავეტა პესკოვა, კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, 21 წლის შვილი, სტაჟირებას გადის ევროპის პარლამენტის ფრანგ წევრთან, ემერიკ შოპრადთან, რომელმაც 2014 წელს საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებას. ფაქტი მედიას წერილობით თავად შოპრადმაც დაუდასტურა.

„ქალბატონი პესკოვა ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი პიროვნების შვილი, მაგრამ, როგორც სტუდენტს, მას სხვა ახალგაზრდებთან შედარებით ნაკლები უფლებები არ აქვს საიმისოდ, რომ სტაჟირება გაიაროს სწავლის ფარგლებში. პესკოვა ამჟამად არ მუშაობს რუსეთში არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანიებისთვის, შესაბამისად, საქმე ვერ გვექნება ინტერესთა კონფლიქტთან ჩემი, როგორც ევროპის პარლამენტის წევრის, უფლებამოსილებების ხორცშესხმის პროცესში.“- განაცხადა შოპრადმა რადიო თავისუფლებასთან.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ევროპის პარლამენტის რამდენიმე წევრს, რომლებმაც თქვეს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთის მაღალჩინოსნის ნათესავის პარლამენტში მუშაობაზე.

ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ჯგუფის, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი, სანდრა კალნიეტე, ამ ფაქტს „სამსახურებრივ გულგრილობად“ მიიჩნევს - „ეს ევროპის პარლამენტის უსაფრთხოების ზოგადი წესების დარღვევაა“, აცხადებს ის.

პიატრას აუშტრიავიჩიუსი, რომელიც პარლამენტში ლიბერალურ ჯგუფს წარმოადგენს, პარლამენტში პესკოვას მუშაობას უწოდებს ძალიან დიდ სირცხვილს: „მიჭირს დავიჯერო, რომ კრემლის ხელია ევროკავშირის ინსტიტუტების ჯიბეებსა და გულში“.

ევროდეპუტატები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა ევროპარლამენტის პრეზიდენტისადმი ერთობლივი მიმართვა შეიმუშაონ. ისინი ითხოვენ, რომ გამოძიებულ იქნას ყველა დეტალი, თუ როგორ დასაქმდა ელიზავეტა პესკოვა ევროპარლამენტში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ამ ფაქტის გამო. რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი ვგეგმავთ, წერილით მივმართოთ პარლამენტის პრეზიდენტს. მათ უნდა შეიმუშაონ გარკვეული წესები, როგორ უნდა გასცენ მათ იმის გარანტია, რომ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის რეჟიმთან, ვერ შემოვლენ პარლამენტში. ეს იქნება საკმაოდ მკაცრი გამოცდა დემოკრატიული ინსტიტუტისთვის. მეორე მხრივ, ეს გვახსენებს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური რისკებისთვის და ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა,“- განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, ტუნე კელამმა რუსთავი2-თან.

ევროდეპუტატები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად დიდ უხერხულობას ქმნის, რომ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის წარმომადგენელი ევროპარლამენტშია დასაქმებული.

„მაშინ როდესაც არსებობს ვარაუდები ბრიუსელში 100-ზე მეტი რუსი ჯაშუშის ყოფნის შესახებ და ინსტიტუტები ზარალდება სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის გამო. პარლამენტის ეს წევრი არის საგარეო კომიტეტის ასევე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრი. ასე რომ მის ოფისში საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ხვდება. მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო და ეს არის ცუდი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ყურადღების ნაკლებობის ნიშანი,“- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, საქმე ეხება ჩვეულებრივ სტუდენტს, მის ქალიშვილსა და არა თავად მას.