გაერო: 2014 წლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა

გაერო: 2014 წლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა

13 ათასამდე გაიზარდა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაიჭრა 30 ათასამდე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას kyivpost-ი გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, მოკლულებს შორის არის 3300-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანის ჩათვლით.

ნიდერლანდის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტამ და რომ „ბუკი“ რუსეთიდან იყო შეტანილი უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ „ბუკი“ ისევ რუსეთში გადავიდა.

რუსეთი უწევს სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას სეპარატისტებს, რომლებიც აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს.