ამერიკის შეერთებული შტატების კიბერჯგუფმა 2018 წლის ნოემბერში სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული კომპანიის "ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს" წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა და მის თანამშრომლებს ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა. როგორც ვარაუდობენ, ეს კომპანია ე.წ. ტროლების ქარხანა იყო. როგორც The Washington Post-ი წერს, ეს რუსეთის წინააღმდეგ პირველი კიბერკამპანია იყო.
გაზეთის ცნობით, კომპანია "ინტერნეტ-კვლევების სააგენტო" რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს ეკუთვნის.
კიბერშეტევა კონგრესის არჩევნების დღეს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში, ხმების დათვლის დასრულებამდე გრძელდებოდა. პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ამ გზით მათ შეძლეს და გამორიცხეს არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომა.
ამასთან ერთად, The Washington Post-ი წერს, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის კიბერჯგუფმა რუსული კომპანიის თანამშრომლებს და რუსეთის სპეცსასამხურებთან მომუშავე ჰაკერებს ელექტრონულ წერილებსა და პირად შეტყობინებებს უგზავნიდნენ, რითიც აშინდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ამერიკელებმა მათი ნამდვილი ვინაობა იცოდნენ.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.
რუსეთი გეგმავს ქვეყანა გლობალური ინტერნეტქსელიდან ხანმოკლე დროით გათიშოს. მიზეზი სამომავლოდ კიბერ-ომებისთვის მზადებაა.
2018 წელს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ტექნიკური ცვლილებების მანდატი გასცა, რომელიც ქვეყნის შიგნით მოქმედ ინტერნეტ პროვაიდერებს დამოუკიდებლად მოქმედების ნებას რთავს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადასტურდება, რომ უცხო ქვეყანა რუსეთის კომპიუტერულ ქსელს თავს ესხმის.
ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი თუ როდის გაითიშება რუსეთი გლობალური ინტერნეტქსელიდან დროებით, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ეს პირველ აპრილამდე მოხდება.