“ფსონი გაქვთ დადებული, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი და შეიძლება საბაბი იყოს”

“ფსონი გაქვთ დადებული, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი და შეიძლება საბაბი იყოს”

ძალიან სამწუხაროა, რომ საპენსიო რეფორმის საკითხზე ფსონი გაქვთ დადებული, თუმცა ვხვდები, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი და შეიძლება საბაბი იყოს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ, კოლეგას უმრავლესობის წარმომადგენლობიდან, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრს ბექა ნაცვლიშვილს, რომელსაც დაანონსებული აქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ წარდგენილ პროექტს მხარს არ დაუჭერენ, უმრავლესობას დატოვებს.

„ძალიან სიღრმისეული და რევოლუციური შრომა გაქვთ გაწეული, რომელსაც სჭირდება დამოუკიდებელი პარტია, მთავრობაში მოსვლა და მერე განხორციელება ამ ფუნდამენტური პოზიციების და წინადადებების. ჩემთვის სამწუხაროა, მაგრამ ფსონი გაქვთ ამ საკითხზე დადებული, თქვენი არჩევანია, მაგრამ მართლა სამწუხაროა. მე ვხვდები, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი, შეიძლება საბაბი იყოს და ბევრი რამის გამო შეიქნა ეს თქვენი პრინციპული დამოკიდებულება“, – განაცხადა ქანთარიამ და ბექა ნაცვლიშვილს ინიციატივით მიმართა, საკითხის განხილვა საქმიან ფორმატში გაგრძელდეს.

დატოვებს თუ არა ბექა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ დამოკიდებულია იმაზე, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს მის  კანონპროექტს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

“არავინ არავის არ უშვებს, ეს არის ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მე მჭირდება მკაფიოობა. ანუ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვის რისთვის უჭერენ მხარს. თუ მე ამ შეთავაზებით გავდივარ პარლამენტის წინაშე და ისინი მხარს არ დამიჭერენ ე.ი ადამიანებმა იციან, რომ ეს შეთავაზება გავაკეთე მე და მხარდაჭერა არ მქონდა. ეს ბევრად მეტ მკაფოობას შესძენს პოლიტიკას და რეალურად შინაარსი შემოვა პოლიტიკაში, ამიტომ ეს არის ძალიან საჭირო პროცესი. ჩემი სურვილია არ მივიდეს იქამდე, დომინოსებური ეფექტი არ გამოიღოს ამ ყველაფერმა და უმრავლესობა შენარჩუნდეს, რადგან ეს არის 2020 წლამდე გარანტი ქვეყნის სტაბილურობისთვის,“- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის ფრაქციას და პარტიას დატოვებს, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება და თუკი, ბესელია ფრაქციას შექმნის, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის ამ ფრაქციაში საკუთარ თავს არ მოიზარებს.