გიორგი მამალაძე თავისმა ამპარტავნებამ დაღუპა

გიორგი მამალაძე თავისმა ამპარტავნებამ დაღუპა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პატიმრობაში მყოფ გიორგი მამალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“გიორგი მამალაძე თავისმა ამპარტავნებამ დაღუპა – მეუფე დიმიტრის და პატრიარქის ნებიერა ახალგაზრდა დეკანოზი გახდა და წარმოიდგინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მის ამპარტავნებას ზოგიერთი მეუფის ფარისევლური ღიმილი და წაქეზებაც ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა ეკლესიაში არსებულ ვითარებასთან ერთად. და გაიზარდა, გაიტოტა ცოდვის ხე.

ხიბლში ჩავარდნილი დეკანოზი ღმერთს განეშორა – საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა და ეკლესიის და პატრიარქის მტრებისთვის მისი მართვა კიდევ უფრო გაიოლდა.

შედეგმაც არ დაახანა.

დაპირებებით გაბრუებულმა დეკანოზმა, მიუხედავად იმისა, რომ გონიერება არ აკლდა, ისე შეაბიჯა მისთვის დაგებულ კაკანათში, რომ მხოლოდ დაცემის შედეგად გაიაზრა, თუ რა შარში გაეხვა.

შეპყრობილ დეკანოზს ჰპირდებოდნენ, რომ დაიკავებდა მამა მიქაელ ბოტკოველის ადგილს და პატრიარქის პირადი მდივანი გახდებოდა, ან შორენა თეთრუაშვილის ადგილს და გახდებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ან მამა დავით ჭინჭარაულის ადგილს და გახდებოდა პატრიარქის პირადი მოძღვარი, ჩაიბარებდა აღსარებას საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელისგან.

ეს ბოლო თანამდებობა განსაკუთრებით ხიბლავდა, რადგან სულ პატრიარქის გვერდით იქნებოდა, ყველაფერს თვალყურს მიადევნებდა…

წარმატებით და წაქეზებით თავბრუდახვეულ დეკანოზს ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ სამივე თანამდებობისთვის მოწიწება, ერთგულება, თავდადება და თავმდაბლობა აუცილებელი თვისებებია. ანდა როგორ წარმოიდგენდა, როცა, ასაკი არ უწყობდა ხელს, თორემ პატრიარქობისთვისაც მზად იყო…

ასე ეგონა, ასე სწამდა, რადგან მისი რწმენის ვაზმა უხვად გამოისხა ამპარტავნების მტევნები…

მე ხელახლა ვნახე ორი წლის წინანდელი ფარული ჩანაწერები…

გავოგნდი ღვთისმსახურის ამპარტავნების მასშტაბით და ადამიანების გაწირვისთვის მზადყოფნით, გულგრილობით და თავდაჯერებულობით, რომელსაც არა რწმენაში განმტკიცება, არამედ ორიოდ მეუფის ცოდვილ თავზე პატრიარქის მიტრის წარმოდგენა კვებავდა.

მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს დეკანოზმა და მისმა წამქეზებლებმა – “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების”.

ვერ გაითვალისწინეს თუ არასოდეს სჯეროდათ?!

P.S. ეჰ, პეტრე, პეტრე, კიდევ რამდენს შეიწირავ, სანამ ბოლომდე გამოამჟღავნებ შენს ნამდვილ ბუნებას.”- წერს ბონდო მძინარაშვილი.