2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მოხვდა:
„ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ისინი ასწავლიან როგორც ქალაქებში, ისე სკოლებში. ისინი მხარს უჭერენ ინკლუზიურობას და ბავშვის უფლებებს. ისინი მოსწავლეების შესაძლებლობების განვითარებას ცდილობენ მუსიკით, ტექნოლოგიებით, რობოტექნიკით და მეცნიერებით. ყველა ეს ადამიანი მხარს უჭერს ცვლილებას და შთაგონების წყარო არიან როგორც მოსწავლეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია „გლობალ თიჩერ 2019“-ის 10 ფინალისტის დახასიათებაში.
შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობისთვის ,,მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი განაცხადიდან 49 პედაგოგი შეარჩია. გამარჯვებული მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ პედაგოგთა ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული იქნება, ის ფულად პრემიასაც მიიღებს 1 მილიონი დოლარის ოდენობით. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. ფინალში მასთან ერთად ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ინდოეთის, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიის, აშშ-ს, არგენტინისა და კენიის წარმომადგენელი პედაგოგები მოხვდნენ.