რუსეთი ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსებისათვის ემზადება. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პეტრო პოროშენკოს მტკიცებით, ანექსირებულ ტერიტორიაზე ამჟამად 32 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეულზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარია განთავსებული.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვის მიზანია ყირიმი რუსული რაკეტების სასტარტო მოედნად აქციოს.
პოროშენკოს მტკიცებით, რუსეთმა ყირიმში ბირთვული იარაღის განსათავსებლად ინფრასტრუქტურა უკვე მოაწყო. გარდა ამისა, კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე საუბრისას, პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის ვეტოს უფლება ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა.
უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წლის 18 მარტს მოახდინა. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია. ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის წინააღმდეგ.
რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება ტერმინ „ანექსიას“ და როგორც ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს, რეფერენდუმი იყო ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია.