ვლადიმერ პუტინის განცხადება ნატოში მუქარად შეაფასეს

ვლადიმერ პუტინის განცხადება ნატოში მუქარად შეაფასეს

რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მუქარად შეაფასეს. „მუქარა, რომ რუსეთი მიზანში ამოიღებს ალიანსის მოკავშირეებს, მიუღებელია“, - აცხადებენ ნატოში.

ჟურნალისტებთან საუბრისას, გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საქმიანობა თავდაცვითი ხასიათისაა, მაგრამ ნატო მზადაა, ნებისმიერ დროს დაიცვას ალიანსის წევრები.

საფრთხეებზე საუბრისას, მაღალჩინოსანმა მოსკოვის მიერ მცირე და საშუალო რადიუსის შეთანხმების პირობების დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება.

ნატოში აცხადებენ, რომ რაკეტებზე მუქარით რუსეთი საკუთარი დესტრუქციული ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

პუტინის თქმით, სსრკ-სა და აშშ-ს შორის საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მსოფლიოში სიტუაცია შეიცვალა, ახლა კი ვაშინგტონი თვითონ არღვევს  ყველაფერს, შემდეგ კი გამართლებას ეძებს.

“ჩვენ ვუპასუხებთ სარკისებურად და ასიმეტრიულად. რუსეთი ან სუვერენული სახელმწიფო იქნება, ან საერთოდ არ იქნება", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, როგორც რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, მოსკოვი არავის ემუქრება.